ქალთა კვირეულის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით მწერალთა სახლში პოეზიის საღამო გაიმართა, რომელსაც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია ესწრებოდნენ. პოეტმა ქალბატონებმა თავიანთი შემოქმედებით ქალბატონებს ქალთა დღეები მიულოცეს და ხაზი გაუსვეს ამგვარი დღეების აღნიშვნის მნიშვნელობას.
თამარ ტალიაშვილმა ქალბატონებს ქალთა დღეები მიულოცა და პოეზიის როლზე ისაუბრა კულტურისა და საზოგადოების განვითარებისთვის. დეპუტატმა მადლობა გადაუხადა საკრებულოს თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა აღნიშნულ კვირეულს და იმედი გამოთქვა, რომ 3 მარტიდან 8 მარტამდე ქალთა კვირეულის აღნიშვნა ტრადიციად იქცევა. მან ასევე ხაზი გაუსვა საკრებულოს მიერ ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ისეთ ღონისძიებებს, როგორიც არის საკრებულოს მხარდაჭერით აღდგენილი ჟურნალი „ცისკარი 1852“ და საკრებულოს მიერ გამოცხადებული ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი, რომელიც 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ნამუშევრებს გამოავლენს, რომელთა დაჯილდოვებაც „თბილისობა 2015“-ის ფარგლებში მოხდება. დეპუტატმა შეკრებილ ხელოვანებს ჟურნალთან თანამშრომლობისა და კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
პოეზიის საღამოზე მოწვეულნი იყვნენ და სტუმრებს თავიანთი შემოქმედება გააცნეს პოეტებმა ლია სტურუამ, ია სულაბერიძემ, ქეთევან შენგელიამ, მიმოზა ცაავამ, მანანა მენაბდემ, კატო ჯავახიშვილმა, რომელიც მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის კონკურსის გამარჯვებულია. საღამოს ასევე ესწრებოდნენ გივი შახნაზარი, რეზო ადამია, რამაზ ბერაძე და სხვები.
ქალთა კვირეულის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია 5 მარტს, 20:00 საათზე, სპექტაკლი „დილა მშვიდობისა ას დოლარიანო“ს, ჩვენება რომლის რეჟისორიც ქეთი დოლიძეა.
ხოლო 7 მარტს, 18:00 საათზე იგეგმება რეჟისორ ნანა ჯორჯაძის ფილმის ჩვენება „შეყვარებული კულინარიის 1001 რეცეპტი“ კინოთეატრი ამირანში,
კვირეული კი დაიხურება ქალთა ნახატების გამოფენით, რომელიც 8 მარტს გაიხსნება ზურაბ წერეთლის სახ. გალერეაში და სამ დღეს გასტანს.
ღონისძიებებზე მოწვეულნი იქნებიან მრავალშვილიანი დედები , სოციალურად დაუცველი ქალბატონები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.