თბილისის საკრებულოში დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების 200-მდე მეთოდისტს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა. საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორთა გადამზადება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულით განხორციელდა და მასში საქართველოს მასშტაბით, 600-მა დასაქმებულმა მიიღო მონაწილეობა.
ბაღის თანამშრომლებს სიტყვით მიმართეს და სერტიფიკატები გადასცეს: საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა მარიკა დარჩიამ და ირაკლი ზარქუამ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ.
თამარ ტალიაშვილის თქმით, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, თბილისის საბავშვო ბაღებში მულტიდისციპლინარული გუნდი მუშაობს, რომლის ფარგლებშიც ყველა ბაღს ლოგოპედის, სპეცპედაგოგისა და ფსიქოლოგის შტატები დაემატა.
,,სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად გადამზადებული მეთოდისტები ახალი მიდგომებით წარმართავენ სააღმზრდელო, საგანმანათლებლო პროცესებს. პროგრამა თანხვედრაშია თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან და ბავშვის მაქსიმალურად ეფექტურ განვითარებაზეა ორიენტირებული. ეს არის მუდმივი პროცესი და ჩვენ კვლავაც ვიზრუნებთ ბაღის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ღირსეულ ანაზღაურებაზე,“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კახაბერ გვანცელაძის თქმით, სკოლამდელი განათლების განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა.
,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადაიდგა პირველი ნაბიჯები აღმზრდელ-პედაგოგის ახალი სტანდარტის დანერგვისათვის და ჩვენ თბილისის ბაღებში ახალი სააღმზრდელო წლიდან უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ სტანდარტის პრაქტიკაში განხორციელებისთვის. ერთობლივი თანამშრომლობით, სამომავლოდ კიდევ დავგეგმავთ და განვახორციელებთ ბევრ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებასა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული,“ - განაცხადა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ და მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ ყველა უწყებას.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ, სკოლამდელი განათლების განვითარებისთვის საჭირო კომპლექსური სამუშაოების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც სამინისტრო სხვა უწყებებთან აწარმოებს.
საბავშვო ბაღის მეთოდისტთა გადამზადება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო. პროექტი სააღმზრდელო პროცესში ახალი სტანდარტის სრულფასოვან დანერგვას ისახავს მიზნად.