თბილისის საკრებულოს ზღვის უბნის დასახლების მაჟორიტარმა დეპუტატმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა, პროექტის -,,ბავშვები ბავშვებისათვის’’ ფარგლებში, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
პროექტი, რომელიც თამარ ტალიაშვილისა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის ინიციატივით, თბილისის მერიის ჩართულობითა და დემოკრატიის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო, მიზნად განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მიერ თანატოლების დასახმარებლად შექმნილი ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვასა და მათ დახმარებას ისახავს.
,,დღეს განსაკუთრებულ დღე მაქვს, დილიდან ბერიძეების ათშვილიან და თევზაძეების ექვსშვილიან ოჯახს ვესტუმრე. სითბო, რომელიც მაჩუქეს ფასდაუდებელია. მათ აქვთ უდიდესი მონაპოვარი - სიყვარული და რწმენა. ჩემი ოცნებაა ასეთ ოჯახებს სოციალური თუ სხვა სატკივარი აღარ ჰქონდეთ. სწორედ ეს არის ყოველდღიურად, დაუღალავად გამოწვევებისა და ბარიერების გადალახვის ძირითადი ორიენტირი’’,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.