თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმების, საერთაშორისო, ინტერნეტ ფესტივალის -"დარჩი სახლში და გადაიღე ფილმი - დიოგენე 2020” დაჯილდოების ცერემონიაში და ნომინაციაში ,,ჰუმანიზმი’’ გამაჯვებულს პრიზი გადასცა.
,,პრაქტიკულად პანდემიის საერთაშორისო კინო კატალოგი შეიქმნა. ვულოცავ საქართველოს კინო-აკადემიასა და საქართველოს კულტურის პალატას, ასევე გამოვყოფდი ჟიურის არაჩვეულებრივ შემადგენლობას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თბილისის მერია და საკრებულო ყოველთვის იდგება ასეთი კრეატიული და გაბედული შემოქმედებითი პროექტების გვერდით. ჩვენ საქართველოს დედაქალაქს ვხედავთ როგორც უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის მეგაპოლისს და ასევე ვდგამთ თანამიმდევრულ, სისტემურ ნაბიჯებს მისი შემოქმედებით-ინოვაციური, თანამედროვე კონცეპტუალური შემოქმედების ცენტრად დამკვიდრებისათვის’’. – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ფესტივალში მონაწილე ფილმების ავტორებს საინტერესოდ და მხატვრულად უნდა გადმოეცათ ამბავი ადამიანთა ქცევის თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ ექსტრემალურ გარემოებაში, აესახათ თუ როგორ ატარებდნენ დროს თვითიზოლაციის პერიოდში.
ფესტივალის ფარგლებში 127 ფილმი მომზადდა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა მიიღეს. აქედან, 81 ფილმი საკონკურსო პროგრამაში მოხვდა, 46 კი ფესტივალის ორგანიზატორებმა მაყურებელს არასაკონკურსო პროგრამაში წარუდგინეს.
ფესტივალის იდეა კინო-რეჟისორ კობა ცხაკაიას და კინო-დრამატურგ იოსებ მჭედლიშვილს ეკუთვნით. ფესტივალი საქართველოს კინო-აკადემიის, საქართველოს კულტურის პალატის, თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით განხორციელდა.
საკონკურსო ჟიურის ელდარ შენგელაია ხელმძღვანელობდა. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ კინო-რეჟისორები: მერაბ კოკოჩაშვილი, ლევან თუთბერიძე, ელდარ მდინარაძე, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი. ჟიურის წევრები იყვნენ ევროპის კინო აკადემიის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ საკონკურსო ნამუშევრები ხელმისაწვდომია კინომოყვარულთათვის, რადგან ფესტივალში წარდგენილი ყველა ფილმი გამოქვეყნებულია როგორც საქართველოს კინო-აკადემიის ვებ გვერდზე, ასევე საქართველოს კინოაკადემიის და ფესტივალის “დიოგენე 2020”("დარჩი სახლში და გადაიღე ფილმი" – „Stay Home and Make a Movie at Home“ (shmmh) ფეისბუქ გვერდებზე.