თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის შუამდგომლობით, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, 2015 წელს თბილისში კულტურული მეწარმეობის ფესტივალი დაფუძნდა. ფესტივალი მოიცავს მრავალმხმრივ პრაქტიკულ ღონისძიებებს კულტურის დარგში მოღვაწე მეწარმეების მხარდასაჭერად. დღეს ფესტივალის ფარგლებში ერთ-ერთი ღონისძიება "ტრადიციული რეწვის მარკეტინგისა და პროდუქციის განვითარების'' ორდღიანი ტრენინგი გაიხსნა.
ტრენინგის დასაწყისს, მოწვეულმა სტუმრებმა და მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას. ტრენინგს რეწვის მარკეტინგისა და დიზაინის ამერიკელი ექსპერტი ლინ ნელსონი უძღვება.
მიმდინარე სწავლება, ისევე, როგორც მთლიანი პროექტი, მიზნად ისახავს საქართველოში ტრადიციული რეწვის ხელშეწყობას, დარგის განვითარებასა და მის გარდაქმნას ეკონომიკური ზრდის წყაროდ.
ტრენინგი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ სტიქიით შექმნილი სიტუაციის გამო, თბილისში ყველა კულტურული ღონისძიება გადაიდო.
„ქვეყანაში შექმნილი სტიქიის გამო, დედაქალაქში დაგეგმილი ყველა კულტურული ღონისძიება გადაიდო, თუმცა დღევანდელი ტრენინგი ჩატარდა, რადგან ხაზი გვინდა გავუსვათ მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერის მნიშვნელობას. თბილისი დღეს ისეა ერთიანი, როგორც არასდროს, დაძლევს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ ზარალს და ერთობლივი ძალისხმევით ხელსაყრელ გარემოს შევქმნით ჩვენი მეწარმეებისათვის",-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
2015 წლის 15 მაისს, ქალაქ თბილისის საკრებულოს, მერიასა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დაფუძნდა ტრადიციული რეწვის ოსტატთა გილდია. დაისახა კულტურული მეწარმეობის მხარდასაჭერი გრძელვადიანი ხედვა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ, საქართველოში ევროკავშირის კულტურის ატაშემ ოლივერ რაისნერმა, აშშ-ს კულტურის ატაშემ ჯეიმს დუიმ და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა მაკა დვალიშვილმა.