თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად ფსიქოლოგებს, ლოგოპედებსა და სპეც. პედაგოგებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
როგორც საჯარო ბაგა-ბაღებში ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეც. პედაგოგის შტატების შექმნისა და მათი კვალიფიკაციის უზრუნველყოფის ერთ-ერთმა მთავარმა ინიციატორმა თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, საჯარო ბაგა-ბაღებში განხორციელებულ რეფორმებიდან ეს პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.
„ბაგა-ბაღებში განხორციელებული რეფორმებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სწორედ იქ მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაა. თანამშრომლების გადამზადება განგრძობადი პროცესია და ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება“,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
დაჯილდოების ღონისძიებაზე, რომელიც აუტიზმის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები 500-ზე მეტ თანამშრომელს გადაეცა.
პროექტის ტრენერებმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა, თინათინ ჭინჭარაულმა და ნინო ცინცაძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და შედეგები შეაჯამეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აუტიზმის თემაზე, ამ მიმართულებით არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებზე.
ღონისძიებაზე ასევე ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია მოეწყო, რომლითაც ბაგა-ბაღების სპეცპედაგოგები ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების მსგავსად ერთიანი მიდგომით იმუშავებენ.