თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მრავალშვილიან დედას 3 მარტი მიულოცა. საკრებულოს დეპუტატი თბილისში მცხოვრებ გელაშვილების ხუთშვილიან ოჯახს პირადად ეწვია და ყვავილების თაიგული და საჩუქრები გადასცა.
გელაშვილების ოჯახმა 13 ივნისს სტიქიის შედეგად წყნეთის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა დაკარგა. თბილისის მერიისგან მიღებული კომპენსაციისა და საკრებულოს დახმარებით კი გელაშვილებს უკვე საკუთარი საცხოვრებელი ბინა აქვთ.
ოჯახის დიასახლისმა მარინა გელაშვილმა საკრებულოს დეპუტატს დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
,,3 მარტი მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან დედობა განსაკუთრებული როლია. მიმაჩნია, რომ მათი დაცვა და მხარდაჭერა ქვეყნისა და საზოგადოების მთავარი პრიორიტეტია“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა და გელაშვილების ოჯახს დედაქალაქის საკრებულოს მხრიდან მომავალშიც მხარდაჭერასა და დახმარებას დაჰპირდა.