განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით დღეს თბილისის საკრებულოში სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული შემოქმედებითი სივრცე შეიქმნა, სადაც ხელოვნება სოციალურ ჩართულობასა და ეკონომიურ ხელშეწყობას ემსახურება. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სოციალური და საქველმოქმედო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს სპეციალური საჭიროების მქონე პირების მიერ შექმნილი ფერწერული ტილოები, უნიკალური ნაკეთობები, ხელნაკეთი სათამაშოები, უსინათლო პირთათვის ადაპტირებული ლიტერატურა - აუდიო წიგნები.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მიესალმა სტუმრებს , ღონისძიებაში მონაწილეებს და იმედი გამოთქვა ,რომ ღონისძიებებს რომელებიც ხელს შეუწყობს სპეციალური საჭიროების მქონე პირების შემოქმედების პოპულარიზაციას, მათ ინტეგრაციას სოციუმში ,საკრებულო ყოველთვის მხარს დაუჭერს და ისტორიული შენობის სივრცე ყოველთვის ღია იქნება მათთვის მსგავსი პროექტების განსახორციელებლად - „დღევანდელი დღე განათლებისა და კულტურის კომისიის და მისი თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით იმართება. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ვფიქრობ, რაც შეიძლება ხშირად უნდა გამოვაცოცხლოთ დედაქალაქის ისტორიული შენობა ამ ბავშვების სტუმრობით .
იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ის სიხარული, ის სითბო, რომელსაც ეხლა ჩვენ განვიცდით ყოველთვის ურთიერთგადამდები იქნება და ძალიან ბევრი კარგი ნაბიჯისაკენ გვიბიძგებს.“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიშვილის თქმით ინკლუზიური სახელოვნებო სივრცის შექმნა - ეს არის მიზანი, რომლისთვისაც განათლებისა და კულტურის კომისია ერთ სივრცეში აერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და ხელოვნების სკოლის მოსწავლეებს, რათა თავიანთი შემოქმედება გაუზიარონ საზოგადოებას.
„ეს არის ნათელი გამოხატულება იმისა, რომ ხელოვნება აერთიანებს და მისი როლი ჰუმანიზმისა და სოლიდარობის დამკვიდრების მხრივ მნიშვნელოვანია.
დღევანდელ ღონისძიებას ვუწოდეთ ხელოვნება სოციალური ინტეგრაციისა და ეკონომიკური ხელშეწყობისათვის. ასევე მინდა გამოვყო ხელოვნების როლი ძალადობის აღმოფხვრისა და ჰუმანიზმის დამკვიდრების საქმეში.
დღეს ქალაქ თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში ჩვენ ვეცადეთ შეგვექმნა სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული შემოქმედებითი სივრცე.
მე ღრმად მწამს რომ შემოქმედება არ სცნობს შეზღუდულ შესაძლებლობებს, მჯერა რომ ხელოვნება არის უდიდესი ძალა ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღისათვის. შემოქმედება ამთლიანებს საზოგადოებას, ქმნის პლათფორმას საზოგადოების თითოეული წევრის სრულყოფილი სოციალური ინტეგრაციისათვის და ბოლოს შემოქმედება ეკონომიკური მდგრადობის გარანტიაა.
დეპუტატის თქმით განათლებისა და კულტურის კომისია თვითმართველობის დონეზე თავის პასუხისმგებლობას იღებს და ამ გამოფენით წვლილი შეაქვს შშმ პირთა საზოგადოებრივ ინტეგრაციასა და ინკლუზიური გარემოს შექმნაში, რომელშიც მათთვის კულტურული თუ საგანმანათლებლო სერვისი იქნება ხელმისაწვდომი.
ღონისძიების მსვლელობის პროცესშივე უსინათლო ხელოვანმა, სტუდენტმა სოფო ხუციშვილმა თბილისის თემაზე ნახატი შექმნა.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა თბილისის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში არსებული ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლამ და ისნის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თეატრალურმა დასმა.
ღონისძიებას დაესწრნენ საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები, განათლებისა და კულტურის კომისიის სათათბირო, საკრებულოს აპარატი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, ქ. თბილისის მერიის შშმ პირთა უფლებების დაცვის საბჭოს თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.