დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეს პაატა ბელთაძეს და სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა უფლებათა ცენტრის უფროსს მაია გედევანიშვილს შეხვდა.
თამარ ტალიაშვილმა შეხვედრაზე ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობის, გამოწვევების და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვისა და ორგანიზების, ასევე საბავშვო ბაგა - ბაღების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების საკითხებზე იმსჯელეს.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საქართველოს სახალხო დამცველთან და სხვა უწყებებთანაც, რათა ხელი შეეწყოს სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობას, თითოეული ბავშვის სკოლისთვის მომზადების პროცესსა და მათთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას.
შეხვედრის ბოლოს დეპუტატმა საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ავადობის პრევენციის სტრატეგიისა და ჯანსაღი ფიზიკური განვითარების პროგრამის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ განათლებისა და კულტურის კომისია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიასთან ერთად აქტიურად იწყებს მუშაობას აღნიშნული პროგრამის შემუშავებაზე.
თამარ ტალიაშვილის თქმით, ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება, რომელსაც დეპუტატების გარდა, თბილისის მერიის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები დაესწრებიან.