თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა მესამე სეართაშორისო კონფერენციის - ,,სემიტოლოგიური ძიებანი’’ - მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფრო ირაკლი გვილავა. ორდღიანი კონფერენცია თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით წელს მესამედ ტარდება და დიდ ქართველ სემიტოლოგს, ენათმეცნიერს, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის სწავლების ფუძემდებელს, აკადემიკოს კოტე წერეთელს ეძღვნება.
თამარ ტალიაშვილმა თავის სიტყვაში ქართველ და უცხოელ სტუმრებს კონფერენციაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 2018 წლიდან დაარსებული კოტე წერეთლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიზანია ამ დიდი მეცნიერისა და მოღვაწის კვლევების პოპულარიზაცია.
„წელს კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა და საინტერესო სამუზეუმო-საგამოფენო სივრცე მოეწყო, სადაც ჩვენი ქვეყნის თუ სტუმრად მყოფ უცხოელ მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, მამა-შვილ წერეთლების უაღრესად შთამბეჭდავ ცხოვრებასა და მოღვაწეობას გაეცნონ,“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში იმართება, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენცია ორი დღის მანძილზე, 22 და 23 ოქტომბერს ჩატარდება.