დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე - თამარ ტალიაშვილი, დიდუბის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ვლადიმერ ძნელაძესთან, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცთან, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი არეშიძესთან და თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად თბილისის მე-6 საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვის შემეცნებითი განვითარებისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებაზე ორიენტირებული მეთოდის საპილოტე პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს წევრები ბაგა-ბაღის ხელმძღვანელობასა და მშობლებს გაესაუბრნენ, რის შემდეგ მეთოდოლოგიის შესაბამისად მოწყობილი სათამაშო ოთახები დაათვალიერეს.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, სკოლამდელი განათლება მმართველი გუნდისთვის პრიორიტეტულია, რამდენადაც გვესმის, რომ ის ადამიანის ცხოვრების საგულისხმო ეტაპია და მოზარდის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბების მყარი გარანტიაა. სახელმწიფო, კერძოდ კი მმართველი რგოლი - მოსახლეობის მხარდასაჭერად, საგანმანათლებლო პროცედურების გამარტივება-ხელშეწყობას უზრუნველყოფს.
„ჩვენ დღეს გავეცანით სწავლების განსხვავებული მეთოდოლოგიის პრინციპებს, რომელიც ორიენტირებულია ბავშვის შემეცნებით, თამაშობის, ფიზიკური და შემოქმედებითი აქტივობის, ბუნების აღქმის და სხვა უნარ-ჩვევების განვითარებაზე. მეთოდოლოგიის დამსახურებაა, რომ აღმზრდელობით პროცესში კმაყოფილია როგორც ბავშვი, ისე - მშობელი. საპილოტე პროგრამას ბავშვისთვის შექმნილი აქვს ფერთა გამის ის სამყარო, რომელიც რეკომენდებულია ჯანსაღი ფსიქიკის ჰარმონიზაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ განათლებისა და კულტურის კომისიის რეკომენდაცია, რომელიც თბილისის ბაღების არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ განვითარებას, არამედ სწავლის პროცესის თანამედროვე პროგრამებითა და მეთოდებით გაჯერებას უზრუნველყოფს, წარმატებით ხორციელდება“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდის შესაბამისი 8 ახალი ბაგა-ბაღი აშენდება.
დეპუტატ ვლადიმერ ძნელაძის შეფასებით, მეთოდოლოგია პროექტებით სწავლებას გულისხმობს. ის აპრობირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ნოვატორულია და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
აღნიშნული მოდელი „რეჯიო ემილიას“ სახელით არის ცნობილი და თავდაპირველად იტალიაში დაინერგა. მეთოდი ბავშვზე და მის ინტერესებზეა ორიენტირებული.