თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმს ეწვია და გამოფენა „მე ვხედავ თითებით“ დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტი ცნობილი მხატვრის ქეთევან მატაბელის ორგანიზებით და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
გამოფენაზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ–მასწავლებლებისა და სტუდენტების, ასევე სხვადასხვა სასწავლო და შემოქმედებითი დაწესებულების მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების სახვითი ხელოვნების ნაწარმოებებია წარმოდგენილი, რომელთა უმრავლესობა „ვეფხისტყაოსნის” თემაზეა შექმნილი და შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ეძღვნება.
წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობა მხედველობადაქვეითებული და უსინათლო ადამიანებისთვისაა შექმნილი. ინსტალაციებში არსებული ფორმები და კონტექსტი მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანების აღქმებისა და შეგრძნებების განსაკუთრებულობის გათვალისწინებით იკითხება.
„დიდი დატვირთვა აქვს ქეთევან მატაბელის მიერ ორგანიზებულ გამოფენას „მე ვხედავ თითებით“, რადგან მისი მიზანი მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვებისა და მოზარდების კულტურულ-შემოქმედებით პროცესებში ინტეგრაციაა.
ასეთი სოციალური პროექტები უფრო ხშირად უნდა იმართებოდეს“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ქეთევან მატაბელმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოფენაზე უსინათლოებს ექსპონატების ხელით შეხების, ხოლო დაინტერესებულ პირებს რუსთაველის ალეგორიული და სიმბოლური თვალსაზრისით გაცნობის საშუალება მიეცათ.
,,გალერეაში ან მუზეუმში ექსპონატების ხელით შეხების უფლება არავის აქვს. ჩვენი სურვილი იყო გამოფენა ისე მოგვეწყო, რომ უსინათლოებს ექსპონატების შეხება და შეგრძნება შეძლებოდათ“,-აღნიშნა მხატვარმა.
გამოფენა ,,მე ვხედავ თითებით“ 15 ივლისამდე გაგრძელდება და მისი თანაორგანიზატორები აპ. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ქ. თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების ეროვნული გალერეა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ხელოვნების სტუდიაა.