დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატვითა და მხარდაჭერით, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მხატვარ ლია ბარნაბიშვილის საიუბილეო პერსონალური გამოფენა გაიმართა.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ლია ბარნაბიშვილის შემოქმედება განსხვავდება ტრადიციული მხატვრობისგან, ვინაიდან ის ფერწერული კომპოზიციების შექმნისთვის იყენებს ბუბულს და სწორედ მათგან ქმნის სასურველ ფერებსა და სიუჟეტებს.
„ლია ბარნაბიშვილის შემოქმედება თვითმყოფადია. ამიტომაც, მისი უნიკალური მეთოდის შენარჩუნებისა და ხელშეწყობის მიზნით, 2016 წლიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მხატვარ ლია ბარნაბიშვილის სასწავლო კურსი გაიხსნება, სადაც ის ახალგაზრდებს თავის ხელოვნებას შეასწავლის.
ამით ჩვენს მომავალ თაობას ახალი მიმდინარეობის შესწავლისა და დაუფლების საშუალებას მივცემთ.
მეორე მხრივ, ჩვენი მიზანი განსხვავებული მიმდინარეობის სკოლის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა, რითაც რეგიონში დაინტერესებული პირების მიზიდვა გახდება შესაძლებელი“,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
გამოფენას მწერლები, პოეტები და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლია ბარნაბიშვილის ნამუშევრების გამოფენა 2 დღის განმავლობაში, 14 და 15 დეკემბერს გაიმართება.