თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სკოლამდელი ასაკის შვილებისთვის თბილისის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შეასახებ იმსჯელეს.
დადგენილება ევროპასთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულების ფარგლებში ხორციელდება, რაც საზოგადოებაში ლტოლვილთა, თუ საერთაშორისო დაცვის სხვა ფორმებით მოსარგებლე პირების ინტეგრაციის ხელშეწყობასა და საჯარო მომსახურებებსა თუ სოციალურ უფლებებზე წვდომის გაუმჯობესებას გულისხმობს.
კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიშვილის თქმით, დადგენილების მიზანია ლტოლვილთა, თუ საერთაშორისო დაცვის სხვა ფორმებით მოსარგებლე პირების შვილებისთვის სკოლამდელ საგანმანათლებლო მომსახურებებზე წვდომის თვალსაზრისით თანაბარი პირობების შექმნა საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით.
“საკითხის დღის წესრიგში დაყენების აუცილებლობა გამომდინარეობდა ამ ბავშვთა ენობრივი ბარიერის არსებობიდან, რომელიც მათ ხელს უშლის საზოგადოებასთან ადაპტაციასა და განათლების მიღებაში. ხოლო მათი ბაგა-ბაღებში სწავლის შესაძლებლობა ხელს შეუწყობს ენობრივი ბარიერის გადალახვასა და პირველადი ადაპტაციის პროცესს, რაც მნიშვნელოვანია მათი შემდგომი ინტეგრაციისათვის”, -განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა
კომისიის სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და მერიის სხვა ოფიციალური პირები ასევე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის გრიგორლ გიორგაძის განცხადებით, ამ საკითხის დამტკიცება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც გულისხმობს ვიზალიბერალიზაციის მეორე ფაზის წარმატებით გავლას.
“დღესდღეობით ლტოლვილის და ჰუმანიტარულ სტატუსის მქონე პირთა დაახლოებით 50-მდე ბავშვი შეიძლება საჭიროებდეს ინტეგრირებას თბილისის სხვადასხვა ბაგა-ბაღში. და აუცილებელია ამ ბავშვებმა, ისეთივე პრივილეგიებით ისარგებლონ, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა”-განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით პროგრამების და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი საკითხები განიხილეს, რომლებსაც კომისიამ დადებითი რეკომენდაცია მისცა