თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიას, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურსა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და ევროკავშირის პროექტის - Investing in People - ფარგლებში დაარსებული საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ - თამარ ტალიაშვილმა, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა - ია მაქაცარიამ და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა - მარიამ დვალიშვილმა.
საზეიმო ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დეპუტატები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მერიის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ტრადიციული რეწვის ოსტატები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მემორანდუმის გაფორმებას მიესალმა და ქვეყნისთვის ტრადიციული რეწვის დარგის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიის შემდეგ, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ - თამარ ტალიაშვილმა განსაკუთრებული მადლობა თბილისის საკრებულოს უმრავლესობას გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას და 2015 წლის ქალაქის ბიუჯეტში კულტურული მეწარმეობის ფესტივალისთვის საჭირო თანხები გაითვალისწინა.
„დღეს კულტურული მეწარმეობის მხარდაჭერით თანამოქალაქეების დაკვეთას ვასრულებთ. კულტურულ მეწარმეობაში სამუშაო ადგილების შექმნის დიდი პოტენციალია.
ამ პროდუქტს საერთაშორისო პლატფორმაც სჭირდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ნაბიჯები უცხოელ პარტნიორებთან ერთად გადაგვედგა. შევხვდით საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს. მსურს გამოვარჩიო ევროკავშირი, ოლივერ რაისნერი, რომელიც განსაკუთრებული გულისხმირებით მოეკიდა ამ ინიციატივას“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
გარდა ამისა, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ - ლევან ხარატიშვილმა, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა - ია მაქაცარიამ, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა - მარიამ დვალიშვილმა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა საქართველოში - ოლივერ რაისნერმა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე დაანონსდა კონკურსი „წლის საუკეთესო ოსტატი“, რომელსაც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ერთობლივად განახორციელებენ.