თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძეს ერთად, დიდუბის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თარაშ შურღაია და დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი ესწრებოდნენ.
საბავშვო ბაგა-ბაღში, რომელშიც 60-მდე ადამიანი დასაქმდება, 300 ბავშვზეა გათვლილი. მისი ექსპლუატაციაში მიღება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობისთვის უპრეცედენტოდ დიდი ბიუჯეტია გათვალისწინებული.
„დედაქალაქში საბავშო ბაღებზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმდინარე წელს თბილისის მასშტაბით, 9 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება. ასევე დაგეგმილია ავარიული შენობების გამაგრება-რეკონსტრუქცია, 12 ბაღის შენობის დემონტაჟი. მათ ადგილას კი ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღები იქნება“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.