თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. 12 სექტემბერი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეა.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, 2014 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით, ყოველი წლის 12 სექტემბერს ეწყობა ღონისძიება „დღე, როცა ვერ მოკლეს ილია“.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ილია ჭავჭავაძის დამსახურებაზე და საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე მის ღვაწლზე ისაუბრა.
„დღეს, დიდი ქართველის ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მივაგეთ. განუზომელია მისი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა საქართველოსა და ქართველებზე ზრუნვის, სამშობლოს უდიდესი სიყვარულის და მის მომავალზე ფიქრის ნათელი მაგალითია,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
"დღევანდელ დღეს წიწამურთან ილია ჭავჭავაძეს ესროლეს. მან მკვლელებს მიმართა- ნუ მესვრით, ილია ვარო! სწორედ იმიტომ ჰკლავდნენ, რომ ის იყო ილია - სამშობლოს სიყვარულით ანთებული და მასზე ზრუნვაში დამაშვრალი! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, 2014 წლიდან განსაკუთრებულ ღონისძიებებს ვუძღვნით ამ ტრაგიკულ დღეს! კოვიდმა შეცვალა გეგმები, მაგრამ არა განწყობა და გადაწყვეტილება, გვახსოვდეს, რათა არ განმეორდეს, დავაფასოთ, რათა სიკეთისათვის ბრძოლა შეგვეძლო,“ - განაცხადა საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, 2014 წლიდან სხვადასხვა წლებში ამ დღისადმი მიძღვნილი არაერთი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა.