თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში დაარსებული სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.
თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა მოსწავლეებს თამარ მეფის სახელობის ცენტრალური და დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზები, აზიური ოთახი და წარმომადგენლობითი ორგანოს ძველი ფოტოები დაათვალიერებინეს. დღესვე მასპინძლებმა სტუმრებს შენობის მოკლე ისტორია უამბეს და თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკა დეტალურად განუმარტეს.
მოგვიანებით კი შეხვედრა დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებმა საკრებულოს წევრებისთვის განკუთვნილი ადგილები დაიკავეს და დეპუტატებს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს.შეხვედრის დასასრულს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის, მიმდინარე პროექტების და სამოქალაქო ჩართულობის შესახებ მოსწავლეების ინფორმირების მიზნით, განათლებისა და კულტურის კომისია მსგავსი ფორმატის შეხვედრებს მოსწავლეებთან პერმანენტულად გამართავს.
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ხორციელდება და საქართველოს ყველა რეგიონში 480 სკოლას სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით ეხმარება.