თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ სხდომაზე აღნიშნა, თბილისს 188 საჯარო ბაგა-ბაღი ემსახურება, სადაც 60 000 აღსაზრდელი და 11 800 დასაქმებული პერსონალია. მისი თქმით, გასულ წელს არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა და მომავალშიც შეუფერხებლად გაგრძელდება.
კომისიის სხდომაზე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს კახა აბულაძეს მოუსმინეს, რომელმაც ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა აბულაძემ ანგარიში პრეზენტაციის ფორმატში წარმოადგინა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა 2023 წელს შესრულებული სამუშაოების შესახებ. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო გასულ წელს თბილისის სხვადასხვა რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია. მისი განცხადებით 2023 წელს რამდენიმე ბაგა-ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ხოლო 130-ე; 125-ე; 108-ე; 89-ე და 64-ე სრულიად ახალი საჯარო ბაღის მშენებლობა დასრულდა.
ანგარიშის წარდგენისას კახა აბულაძემ ყურადღება გაამახვილა ბაღების განახლების პროექტზე, რომლის ფარგლებში, მასშტაბური სარემონტო/ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაფინანსდა თბილისის რვა საბავშვო ბაღში. მისი თქმით, პროექტის მიზანია ყველა ძველი და ახალ აშენებული საჯარო საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის მომსახურების თანაბარ პირობებში გაწევა.
დღესვე კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, რომ თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში დაინერგა სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის დანერგვის მიზნით, 156 საბავშვო ბაგა-ბაღში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები; სამზარეულოები და სამეურნეო დანიშნულების ოთახები/სათავსოები აღიჭურვა ახალი ტექნიკით და ინვენტარით
ანგარიშის წარდგენა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. განათლებისა და კულტურის კომისიის წევრებმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროგრამების განხორციელებასა და საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.