თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ, 2021 წელს განათლებისა და კულტურის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიში განიხილეს. ანგარიში საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა წარადგინა.
განათლების და კულტურის კომისიის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებზე „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავლენასა და ამ პირობებში გაწეულ საქმიანობაზე. კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, აღნიშნულ სფეროებში დასაქმებული პირების ხელშეწყობა, განსაკუთრებით პანდემიურ პირობებში. მან ასევე ისაუბრა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეუფერხებლად გაგრძელებაზე, მათ შორის, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის კვლევა-პროექტირებაზე, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფილიალების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და ინვენტარით აღჭურვაზე, მახათას მთაზე მდებარე ახალ პანთეონში არსებული სამარხების მოპირკეთებაზე.
როგორც სხდომის მომხსენებელმა განმარტა, შექმნილი ვითარების მიუხედავად, სამსახური ეფექტიანად ახორციელებდა და ახორციელებს კულტურის სფეროს პროგრამებს, წარმატებით გრძელდება სამსახურთან არსებული კომისიების მუშაობა და კულტურის სფეროს პროექტების ხელშეწყობა.
წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, დაფინანსდა კულტურის სფეროს 125-მდე პროექტი, მათ შორის, საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის ფესტივალები, ბიენალეები, გამოფენები, მუსიკალური ღონისძიებები და სხვა. მათგან ნახევარზე მეტი უკვე ჩატარდა, დანარჩენები კი მიმდინარეობის ან დასრულების პროცესშია. თეატრალური პროექტების ხელშეწყობის ფარგლებში კი დაფინანსდა 23 წარმოდგენა, რომელთაგან 6 პრემიერა უკვე გაიმართა.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კომისიის წევრებმა ანგარიში ცნობის სახით მიიღეს.