თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ კომისიის სხდომაზე, რომელსაც მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო წარმომადგენელი გოგი ჩიქოვანი ესწრებოდნენ, „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის N74-4 დადგენილების ცვლილების პროექტი განიხილეს.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ცვლილება პოზიტიურია და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს.
„დადგენილების პროექტის თანახმად, თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურის და დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურებზე) სწავლის საფასურს ვუფინანსებთ, ასევე თბილისში რეგისტრირებულ წარჩინებულ მაგისტრანტებზე, რომლებიც სწავლობენ თბილისში მოქმედ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გავცემთ თბილისის მერიის სტიპენდიას. ამ პროგრამის ბიუჯეტი 2021 წელს გავაორმაგეთ და მხოლოდ 2021 წელს საერთო ჯამში 4000-მდე სტუდენტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე აღინიშნა, ახალი პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების გარდა, დაფინანსებას მიიღებენ მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ზომიერად, მნიშვნელოვანად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა) სტუდენტები, რომლებსაც განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში უფიქსირდებათ თბილისში რეგისტრაცია.
სტუდენტების დაფინანსების გაცემა მოხდება წელიწადში 2-ჯერ, სემესტრულად, შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრის დაფინანსების მიზნით.
გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის და შშმ სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულის შესაბამისად.
საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად კომისიის წევრების მხრიდან დადებითი რეკომენდაცია მიეცა.