საკრებულოს სხდომაზე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამა დაამტკიცეს. საკრებულოს წევრებს პროექტი და მასთან დაკავშირებული თანმდევი საკითხები სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ წარუდგინა.
პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: M3 კატეგორიის ავტობუსისა და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტის უფასო გადაჯდომის არსებულ სისტემაში M2 კატეგორიის ავტობუსების გათვალისწინება. ამასთან, მგზავრობისას ფასის განსაზღვრა, ახალი 8 და 18 მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის მიზნით ტენდერის გამოცხადება. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები უზრუნველყოფს 2023 წლისთვის მგზავრთა გადაყვანის ახალი ქსელის სრულად ამოქმედებას, ასევე, თბილისის სატრანსპორტო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და მგზავრთა სწრაფ, კომფორტულ და უსაფრთხო მობილობას.
დღევანდელ სხდომაზე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების შეთანხმების სამი საკითხი განიხილეს, რომლებიც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მერიის სტრუქტურული ერთეულის - მუნიციპალური ინსპექციის საშტატო ნუსხის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ სააგენტოს ბაზაზე ახალი - უძრავი ქონების მონაცვლეობის სამმართველოს შექმნის შესახებ განკარგულების პროექტი წარადგინა.
საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე მისამართზე ზონალურ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი. გარდა ამისა, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებიც დაამტკიცეს.
დეპუტატებმა თბილისში, დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო სკვერისთვის ბულგარეთის დედაქალაქის - სოფიას სახელის მინიჭებას მხარი დაუჭირეს.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2020 წლის 6 თვის შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინეს.