თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე, დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ლევან მიქავას მოუსმინეს, რომელმაც 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.
საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა - 631 765,7 ათასი ლარი, ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 209 514,6 ათასი ლარი, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 223 195,4 ათასი ლარი, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 3 079,5 ათასი ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 38 296,3 ათასი ლარი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 164 975,2 ათასი ლარი, განათლება - 261 539,9 ათასი ლარი, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 32 444,0 ათასი ლარი, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 7 779,2 ათასი ლარი.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა განსაზღვრულია - 164 975,2 ათასი ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (154 920,1 ათასი ლარი) მიმართებაში 10 055,1 ათასი ლარით არის გაზრდილი.
პრიორიტეტის ფარგლებში ჯანდაცვის პროგრამისათვის განსაზღვრულია 37 453,9 ათასი ლარი, მათ შორის, გრძელდება გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება, გაფანტული სკლეროზის და ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების, სახსრების ენდოპროტეზირების, დაავადებათა სკრინინგის და ტრანსპლანტაციის დაფინანსება.
სოციალური დაცვის პროგრამისთვის ჯამში გათვალისწინებულია 127 521,3 ათასი ლარი. გრძელდება შემდეგი ქვეპროგრამების დაფინანსება: კომუნალური სუბსიდირება, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება, სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისათვის მედიკამენტების დაფინანსება, სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება, შინმოვლის დანადაფინანსება, მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, უფასო სწავლება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში, სასახლეში, ხელოვნების სკოლებში, სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, საკურორტო მომსახურება და დახმარება, უფასო სასადილოებით მომსახურება რაიონებში, დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა საკომპენსაციო თანხები რაიონებში და სხვა.
კომისიის სხდომას მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდა.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს კომისიებში განიხილავენ, რის შემდეგაც დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მერიას დაუბრუნდება.