ისნის რაიონში მდებარე N109 საბავშვო ბაღისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე დღეს თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი და კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე გაეცნენ.
ბაგა-ბაღის ახალი შენობა, რომელიც აღსაზრდელებს უკვე მომავალი სასწავლო წლიდან მიიღებს, 600-მდე ბავშვზეა გათვლილი. ბაღის შენობა ენერგოეფექტური მასალებით აშენდება და მოპირკეთდება. ბაღს ექნება სათამაშო მოედნები, ღია ტერასები და ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებისგან დამზადებული ატრაქციონები. შენობა შშმ პირთათვის ადაპტირდება და ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება.