თბილისის საკრებულოში სტუდია "არტ ნოვოს" მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე და გლდანის რაიონის მაჟორიტარი კონსტანტინე ზარნაძე დაესწრნენ.
დღევანდელ გამოფენაში 140 მოსწავლის ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში, სტუდია „არტ ნოვოს“ კურსდამთავრებულები და პედაგოგები დიპლომებით დააჯილდოვეს. ღონისძიება სტუდია „არტ ნოვოს“ ხელმძღვანელმა ანა ტაბაღუამ გახსნა. მან თბილისის საკრებულოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. კახაბერ ლაბუჩიძემ და კონსტანტინე ზარნაძემ „არტ ნოვოს“ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს და წარმატება უსურვეს.
„მინდა მოგილოცოთ სასწავლო წლის წარმატებით დასრულება. გვიგულეთ თქვენს მეგობრად თქვენ შემოქმედებასა და წამოწყებებში. დიდი პატივია, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოფენის მასპინძლობა“,- განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.
„ყოველთვის მოხარული ვარ ახალგაზრდებთან შეხვედრით. ხელოვნება არის სფერო, რომელიც ცხოვრებას გვილამაზებს. ჩვენი მომავალი თაობა იმის საწინდარია, რომ სულ ვიქნებით მრავალფეროვანი და ხალისიანები. გისურვებთ წარმატებას“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
სტუდიის მოსწავლეებთან ერთად, თბილისის საკრებულოში წარმოდგენილი იყო აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრები.
„არტ ნოვო“ უკვე 9 წელია ფუნქციონირებს. სტუდია ნებისმიერი ასაკის ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს.