თბილისის საკრებულოში, შალვა ოგბაიძის თავმჯდომარეობით, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
როგორც სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ განაცხადა, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და 1 392 233,5 ათას ლარს შეადგენს.
ლევან მიქავას ინფორმაციით, პროექტში გათვალისწინებულია დედაქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონების გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ასიგნებები შემდეგ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილდა, კერძოდ: იზრდება საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია, სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა, ლაბორატორიული კვლევები და სხვა ღონისძიებები. ამასთანავე, ბიუჯეტში ემატება ახალი ქვეპროგრამა -სპორტი უფროსი თაობისთვის.
წარმოდგენილი საკითხის თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.