თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვლადიმერ ჭიღლაძემ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახაბერ გულედანი, ხოლო მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ლევან ნაროუშვილი წარადგინა.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ და კომისიის წევრებმა წარდგენილ კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.
დღესვე დეპუტატებმა დედაქალაქის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსს მოუსმინეს, რომელმაც კომისიის წევრებს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ " ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის № 4-7 დადგენილებაში წარმოდგენილი ცვლილებები გააცნო. როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წლის ბოლომდე მისაღები შემოსავლების ბიუჯეტში ასახვით, კერძოდ: იზრდება სხვა შემოსავლების ნაწილში პროცენტები - 1 750,0 ათასი ლარით და მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის - 750,0 ათასი ლარის ოდენობით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება სულ 2 500,0 ათასი ლარით და შეადგენს 1 394 733,5 ათას ლარს.
სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა სხდომაზე დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 და M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა.
მისი თქმით, M3 კატეგორიის მარშრუტებს ემატება ერთეულები, რის გამოც ინტერვალები მცირდება. მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ამოქმედდება 5 ახალი მარშრუტი.
ხოლო რაც შეეხება M2 კატეგორიის ავტობუსების მარშრუტების ნაწილს, თითო ერთეული მოძრავი შემადგენლობის დამატებით, ხოლო რიგ მარშრუტებზე სიჩქარის კორექტირების ხარჯზე, შემცირდა ინტერვალები, რითაც გაუმჯობესდება მომსახურება და პიკურ პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება მგზავრთა მზარდი ნაკადის გადაყვანის შესაძლებლობა. ამასთანავე, ამოქმედდა 3 ახალი მარშრუტი.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს დასამტკიცებლად დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.