თბილისის საკრებულოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის ინიციატორია უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრი.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი განათლების და კულტურის საკითხებში მარიკა დარჩია.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, 14 ივნისი საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ 2000 წელს გამოცხადდა. დეპუტატის განცხადებით, საკრებულოში იმყოფებიან შემოქმედი ადამიანები, მხატვრები, მუსიკოსები, რომელთაც დაანგრიეს საზოგადოებრივი სტერეოტიპები და ხელოვნება მხოლოდ თერაპიად კი არა, ძირითად საქმიანობად აქციეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომისია მზად არის თითოეულ ხელოვანს შეუწყოს ხელი მათი შემოქმედების პოპულარიზაციაში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, ნაქარგები, სათამაშოები, აქსესუარები და მხატვრული კომპოზიციები, რომელიც ეკუთვნოდათ ხელოვანებს: ნანა ყურაშვილს, ირმა ზაქარიაშვილს, მაკა თოქმაჯიშვილს, გიორგი პეტრიაშვილს, თევდორე ტივაძეს და ელენე ნანიკაშვილს. ამასთან, უსინათლოთა ცენტრში მოღვაწე ვაჟთა ანსამბლ „კრწანისის“ და ქალთა ანსამბლ „ლირას“ წევრებმა რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს, რამინ მიქაბერიძისა და ლელა გოლიაძის უშუალო ხელმძღვანელობით.
საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ანსამბლ “რუსთავის” ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებლის, ფოლკლორული ანსამბლის “საგალობელი” ხელმძღვანელის რამინ მიქაბერიძის მიერ შესრულდა კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის „შენ გიმღერი ჩემო თბილის ქალაქო".
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები: ნინო რუხაძე, ლადო ბოჟაძე, ლევან აბაშიძე, უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლების და სპორტის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ლაბაძე, ამავე ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნანა ბრეგვაძე და შპს „კოდალა-სოციალური საწარმოს“ დამფუძნებელი კოტე სვანაძე და თბილისის N202 საჯარო უსინათლოთა სკოლა-პანსიონის დირექტორი თინათინ საბაური.