თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
თამარ მეფის სახელობის დარბაზში “დედა ენის” სხვადასხვა გამოცემა, მათ შორის, პერიოდიკის მიხედვით, იაკობ გოგებაშვილის სისტემაზე აგებული სხვადასხვა ეპოქის გავლენით ინტერპრეტირებული წიგნები გამოიფინა. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი პოსტერები, რომელზეც იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" შექმნის, დამუშავებისა და საბოლოო რედაქტირების პროცესია ასახული.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ქართული ენის იაკობისეული სისტემა, რომელიც ისტორიულ, მეცნიერულ და კულტურულ ცოდნაზეა აგებული, მის დროში მუდმივობას განაპირობებს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მიმართა.
,,ყველას გილოცავთ "დედა ენის" დღეს. ამ დღეს კიდევ ერთხელ ვიაზრებთ, რომ უძველესი და უნიკალური ქართული ენა ჩვენი ეროვნული სიმდიდრე და ჩვენი იდენტობის სიმბოლოა. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ქართული საზოგადოების გამბედაობა, რომელმაც 1978 წლის აპრილის საპროტესტო დემონსტრაციებით სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა და მას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.
სიმბოლურია, რომ საკრებულოში 14 აპრილის აღსანიშნი ღონისძიება „დედა ენას“ მივუძღვენით. სწორედ იაკობ გოგებაშვილის ამ უნიკალური სახელმძღვანელოს გამოცემები გვაქვს დღეს წარმოდგენილი, მათ შორის არის იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი ქართული ანბანის შესასწავლი პირველი სახელმძღვანელო, რომელსაც ჯერ „დედა ენა“ არც კი ერქვა. ამავე დროს ჩვენთან დღეს სტუმრად არიან თანამედროვე „დედა ენის“ ავტორები და ის ადამიანები, რომელთა ყოველდღიური ზრუნვის შედეგია სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვა, მისი განვითარება და პოპულარიზაცია. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ შრომისთვის’, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
„დედა ენის“ უნიკალურობაზე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ ისაუბრა.
„დედა ენა“ უნიკალური წიგნია. იშვიათად შეხვდებით სამყაროში ენის, ისტორიის, ეთნოგრაფიის, ყოფის, შემეცნების მსგავს სინთეზს მშობლიური ენის შესწავლის კურსში. მეცნიერულად დასაბუთებული, ფილოსოფიურად დახვეწილი, თვალსაწიერის გაფართოებაზე ორიენტირებული ეს წიგნი, ქართული იდენტობის, ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია”, - აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი განათლების და კულტურის საკითხებში მარიკა დარჩია, თანამედროვე „დედა ენის“ ავტორები ნინო გორდელაძე და გვანცა ჩხენკელი, ფილოლოგი და მწერალი გია მურღულია, „ტელესკოლის“ წამყვანი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან აბრამიძე, ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თემურ ჯაგოდნიშვილი.
„დედა ენის“ დღისადმი მიძღვნილ საღამოს ცნობილი ფოტოგრაფები, ენათმეცნიერები, საჯარო სკოლების დირექტორები და ცნობილი ხელოვანები ესწრებოდნენ.
როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, 14 აპრილს, ქართული ენის დაცვის დღეს, განსაკუთრებით აქტუალურია „დედა ენის“, როგორც ქართული ენის უნიკალური სახელმძღვანელოს მნიშვნელობის წარმოჩინება. მნიშვნელოვანია, რომ ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.