თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ თბილისის საკრებულოს 2015 წლის 02 ოქტომბრის N25-101 დადგენილებაში ცვლილების შეტანაზე იმსჯელეს.
როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, თბილისში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, კოორდინირებული თანამშრომლობით არაერთი შეღავათი დაწესდა. დედაქალაქის მერია და საკრებულო დღეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან შეღავათს დააწესებს საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და უკრაინის მოქალაქეებს ბაღში რეგისტრაციის პროცედურებს გაუმარტივებს.
„განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხი ის პოზიტიური ცვლილებაა, რაშიც აბსოლუტური ერთობა გვაქვს. ასეთ დროს სოლიდარობა აუცილებელია. წარმოდგენილი ცვლილება ორიენტირებულია საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების კეთილდღეობასა და მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის განგრძობადი ოკუპაციის და სამხედრო აგრესიის პირობებში, სოლიდარობის მნიშვნელობა და საჭიროება დიდია, სწორედ ამიტომ, მსგავს საკითხებზე რეაგირებას მყისიერად ვახდენთ და უკრაინის მოქალაქეებს, ყველაზე მძიმე ცხოვრებისეულ პერიოდში, ვთავაზობთ ყველანაირ პირობას მუნიციპალურ სერვისებზე თავისუფალი და უფასო წვდომისთვის“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
სხდომას ესწრებოდა „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ დირექტორი კახაბერ გვანცელაძე და დირექტორის მოადგილე ირაკლი თურმანიძე, რომელთაც დეტალურად წარმოადგინეს დადგენილების პროექტი.
კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, 2022 წლის 01 იანვრამდე საქართველოში შემოსული 2-დან 6 წლამდე ასაკის უკრაინის მოქალაქეები, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში რეგისტრაციას დაექვემდებარებიან ელექტრონული ფორმის შევსების გარეშე, მხოლოდ დროებითი ცხოვრების უფლების, ბინადრობის ნებართვის ან/და ბინადრობის უფლების მაძიებლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. ხოლო, საქართველოს ტერიტორიაზე 2022 წლის 01 იანვრიდან შემოსულმა უკრაინის მოქალაქეებმა, აღსაზრდელების საჯარო ბაღებში რეგისტრაციის სურვილის შემთხვევაში, უნდა მიმართონ ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.
კომისიების წევრებმა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.