თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ კომისიის სხდომაზე, რომელსაც მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი ესწრებოდნენ, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა.
ლევან მიქავას ინფორმაციით, თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 305 418,2 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 050 302,5 ათასი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 255 115,7 ათასი ლარით, ხოლო 2022 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან შედარებით 105 501,2 ათასი ლარით მეტია. მისივე თქმით, გაზრდილი ფინანსური რესურსის გათვალისწინებით მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტით, ასიგნებები შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდება: განათლება - 208 486,9 ათასი ლარი, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში (175 094,0 ათასი ლარი) გაზრდილია 33 392,9 ათასი ლარით, ხოლო პირველ წარდგენილ პროექტთან მიმართებაში - 5 800,0 ათასი ლარით მეტია. მათ შორის: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა (კოდი 07 01 02) ქვეპროგრამის ასიგნებები იზრდება – 5 000,0 ათასი ლარით, საზოგადოების განათლებისა და ინფორმირების ხელშეწყობა (კოდი 07 02 03) – 800,0 ათასი ლარით;
კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 48 805,5 ათასი ლარი, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში (47 355,8 ათასი ლარი) გაზრდილია 1 449,7 ათასი ლარით, ხოლო პირველ წარდგენილ პროექტთან მიმართებაში - 5 000,0 ათასი ლარით მეტია. მათ შორის: სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და მშენებლობა (კოდი 08 06 04) ქვეპროგრამის ასიგნებები 5 000,0 ათასი ლარით იზრდება.
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, განათლებისა და კულტურის სფეროების მხარდაჭერა, დედაქალაქის საბიუჯეტო პოლიტიკისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. ამისთვის კი მომდევნო წლის ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებებია მობილიზებული, რაც კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს.
საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.