საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი სსიპ ქალაქ თბილისის N28 საჯარო სკოლისთვის ექვთიმე თაყაიშვილის სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის საკითხს ითვალისწინებდა. აღნიშნული თხოვნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სკოლის სამეურვეო საბჭომ მიმართა. სხდომაზე განათლებისა და კულტურის კომისიამ განმარტა, რომ კომისია თანხმობის გაცემისგან თავს იკავებს, ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარში აღნიშნული სახელდებით სკოლა უკვე არსებობს, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, სკოლას არ შეიძლება მიენიჭოს სახელი, რომელსაც ატარებს იმავე თვითმმართველ ერთეულში არსებული სხვა სკოლა.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა აგრეთვე, დედაქალაქში იაკობ გოგებაშვილის ძეგლის განთავსების თაობაზე იმსჯელეს. წინადადებით თბილისის საკრებულოს იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებამ მიმართა.
კომისიის შეხვედრის ფარგლებში მიქაელ არამიანცის მემორიალური დაფის განთავსების წინადადებაც განიხილეს, რომელიც საკრებულოს კლინიკა „კარდუ-მედის“ ექიმმა, თენგიზ კვიციანმა წარუდგინა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წინადადების ავტორებთან ერთად განიხილეს და მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ კომისია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციისა და მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განმხილველ კომისიას შუამდგომლობით მიმართავს.