თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ კომისიის სხდომაზე, სსიპ ქალაქ თბილისის N 32 საჯარო სკოლისთვის აფხაზეთის ომის გმირის, ბაბუშარას აეროპორტში დაღუპული, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსნის ბესარიონ კივილაძის და სამაჩაბლოს ომში დაღუპული, კაპიტნის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსნის ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მინიჭების შესახებ იმსჯელეს.
კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ისაუბრა და პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.
როგორც კახა ლაბუჩიძემ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, პირველად არის პრეცედენტი, როდესაც ერთ დაწესებულებაზე ორი გმირის სახელდების საკითხი განიხილება. სკოლისთვის გმირის სახელის მინიჭება მნიშვნელოვანი ფაქტია და საამაყოა იმ თაობისთვისაც, ვისი აღზრდაც ჩვენი ვალდებულებაა.
აღნიშნული თხოვნით დედაქალაქის საკრებულოს N32 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ მიმართა. კომისიის სხდომას სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კაშია და დაღუპული გმირების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, სადაც სახელი მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ინფორმაცია N 32 სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა წარმოადგინა.
აღსანიშნავია, რომ ბესარიონ კივილაძე 1993 წელს 32 წლის ასაკში ბაბუშარას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაიღუპა. მან წარჩინებით დაამთავრა სკოლა , უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კი მიენიჭა უფროსი ლეიტენანტის წოდება. იგი დაჯილდოებულია ვ გორგასლის II ხარისხის ორდენით. ალექსანდრე თანდაშვილი ვ.გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი კი 19 წლის ასაკიდან სამხედრო სამსახურში იყო ჩართული. სპეცრაზმელი, მესაზღვრე, ერაყში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობდა. იგი 37 წლის ასაკში 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.
კომისიის წევრებმა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაციები მისცეს.