თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
ბიუჯეტის პროექტი, რომელიც თბილისის საკრებულომ თავისი რეკომენდაციებითა და შენიშვნებით დედაქალაქის მერიას ერთხელ უკვე დაუბრუნა, დღეს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა წარადგინა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 1 763 354,7 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებით 131 222,1 ათასი ლარით, ხოლო 2024 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან შედარებით 62 442,3 ათასი ლარით არის გაზრდილი.
მისივე განცხადებით, გაზრდილი ფინანსური რესურსი შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
რაც შეეხება განათლებას, ამ მიმართულებით ბიუჯეტი დაიგეგმა - 248 047,1 ათასი ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში გაზრდილია 22 129,3 ათასი ლარით. პრიორიტეტის ფარგლებში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობას 207 358,8 ათასი ლარის ოდენობით. ამასთანავე, გრძელდება დაწყებული პროექტების დაფინანსებაც.
ასევე, გაგრძელდება კულტურის ობიექტების (თეატრები, მუზეუმი, გალერეა, საბალეტო დასი, ბიგ-ბენდი, პანთეონი) დაფინანსება, სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა,კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ღონისძიებები (მათ შორის ოთარ თაქთაქიშვილის სახ. N19 ხელოვნების სკოლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება), მუზეუმების გაერთიანების ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ილია ჭავჭავაძის სახლ მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება, ასევე დაიწყება თოჯინების მუზეუმისათვის გამოყოფილი სივრცის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები.
ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენილ ვარიანტს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.