თბილისი საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ლევან მიქავამ თბილისის 2022 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა 104 845,6 ათასი ლარით იზრდება და 1 559 866,6 ათას ლარს შეადგენს.
როგორც ლევან მიქავამ აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები მიმდინარე წლის ბოლომდე მისაღები შემოსულობების პროგნოზების გათვალისწინებით ხორციელდება.
წარმოდგენილ პროექტში ასევე გათვალისწინებულია თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნებისა და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
აღნიშნულის შესაბამისად, ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე გადანაწილდა.
მათ შორის, წარმოდგენილი ბიუჯეტით იზრდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა, ასევე სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაც.
თბილისის 2022 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.