თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
კახა ლაბუჩიძემ სტუდენტებს დედაქალაქის მერიისა და წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სპეციფიკა, თბილისში გატარებული რეფორმები და ძირითადი პრიორიტეტი დეტალურად გააცნო.
მანვე სტუმრებს პრეზენტაციის სახით განათლებისა და კულტურის კომისიის მუშაობის პრინციპები გააცნო, რაც ბიბლიოთეკების და მედიათეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებისა და სასახლის, ასევე თბილისის მუზეუმების გაერთიანების, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობას გულისხმობს და ამასთანავე, სკოლების სახელდებასა და პარტნიორ უწყებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების პროცესს მოიცავს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საჯარო მმართველობის დოქტორმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იუვენოლოგიის (ახალგაზრდობის შესწავლის მეცნიერების) სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი მომცელიძე მიმართა და შეხვედრის მიზნებზე ისაუბრა.
როგორც გიორგი მომცელიძემ განაცხადა, უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკური სკოლის სტუდენტები საუნივერსიტეტო მოდულის ფარგლებში სასწავლო კურსს-,,საჯარო პოლიტიკა’’ სწავლობენ და აქედან გამომდინარე, შეხვედრის მიზანი სწავლების პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობებში გადაწყვეტილებების მიღების წესების და პროცედურების, ასევე თეორიული საკითხების გაცნობაა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც კახა ლაბუჩიძემ სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.