თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა კახა ლაბუჩიძემ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან და რაიონის გამგებელ ნიკა ელისაშვილთან ერთად, ისნის რაიონში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ისნის რაიონს ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. ავლაბარში, საინგილოს ქუჩაზე 8-ჯგუფიანი ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულებულია, მოწყობილია შიდა და გარე ინფრასტრუქტურა. საბავშვო ბაღი 250 აღსაზრდელზეა გათვლილი და ის ფუნქციონირებას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს.
აღნიშნული ბაღის მშენებლობა იმის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ დასახლება დღითიდღე ფართოვდება და შესაბამისად, სკოლამდელი განათლების სერვისებზეც მოთხოვნა მუდმივად მზარდია. რაც შეეხება მეორე საბავშვო ბაღს, ის ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე მდებარეობს, რომლის ექსპლუატაციაში მიღება 2023 წელს იგეგმება. აღნიშნულ ბაღში 9 სააღმზრდელო ჯგუფი იქნება და 60-მდე ადამიანი დასაქმდება.
„თითოეული ბაღი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაშია. შენობები შშმ პირთათვის ადაპტირებულია, ბაღები აღიჭურვება სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემებით, შშმ პირთა და ტექნიკური ლიფტებით, სამზარეულოს ლაივ-კამერებით. მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი განათლების სერვისები მოქალაქეებს მიეწოდოთ კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
დედაქალაქის საკრებულოსა და მერიის პრიორიტეტია სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა. ამ მიმართულებით, დედაქალაქში 9 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.