თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ საქართველოში ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების ახალი სასწავლო კამპუსი დაათვალიერეს. შენობა, რომელშიც მაარიფის ახალი სკოლა და საბავშვო ბაღი განთავსდება, ლისის ტბის მიმდებარედ, 5 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე მდებარეობს.
სკოლის შენობას, რომელშიც სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, გიორგი ტყემალაძესთან და კახაბერ ლაბუჩიძესთან ერთად, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი სტუმრობდა.
სკოლის დათვალიერების შემდეგ, საკრებულოს წარმომადგენლებმა, სკოლის ხელმძღვანელობამ და თურქეთის ელჩმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. გიორგი ტყემალაძემ და კახაბერ ლაბუჩიძემ მუნიციპალურ დონეზე თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს და სკოლის ხელმძღვანელობას წარმატებები უსურვეს.
ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების ახალი კამპუსი ოფიციალურად სექტემბერში გაიხსნება. სკოლა, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით აღიჭურვება, 645 მოსწავლეზეა გათვლილი.
დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე მაარიფის სკოლა სწავლებას 2 ძირითადი პროგრამით: ქართული ეროვნული და კემბრიჯის ინგლისურენოვანი საერთაშორისო პროგრამებით წარმართავს. უახლოეს მომავალში კი მათ ასევე საერთაშორისო IB პროგრამა შეემატება.