თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები უნივერსიტეტების მესამე მისიის პროექტის კონსორციუმის წევრებს შეხვდნენ.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, საკრებულოს წევრმა ნინო რუხაძემ და თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ევროპული გაერთიანება მენეჯმენტის განვითარებისთვის EFMD (ბრიუსელი, ბელგია), ტურკუს უნივერსიტეტის (ტურკუ, ფინეთი) წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და უნივერსიტეტების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა თბილისის საკრებულოს წევრმა, ნინო რუხაძემ.
,,შეხვედრაზე დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივები თბილისის მუნიციპალიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი გვაქვს, რომ ამ შეხვედრით საფუძველი ჩაეყრება სისტემური ხასიათის თანამშრომლობას. რასაც დიდი ღირებულების მოტანა შეუძლია ქალაქისთვის, საზოგადოებისთვის და ჩვენ დიდი ინტერესი გვაქვს, რომ გამოვკვეთოთ რაც შეიძლება მეტი სფერო, სადაც შეიძლება ეს თანამშრომლობა იყოს ორმხრივად ნაყოფიერი.“- განაცხადა ნინო რუხაძემ.
კონსორციუმი 8 ქართულ უნივერსიტეტს, განათლების ხარისხის ცენტრს, განათლების სამინისტროსა და 4 ევროპულ პარტნიორს აერთიანებს.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.