თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტი განხილეს, რომელიც კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ გააცნო.
შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება 26 614,6 ათასი ლარით და შეადგენს 1 803 072,3 ათას ლარს. ასევე, წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზოგიერთი საქალაქო სამსახურის, რაიონის გამგეობის და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
კომისიის წევრებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „საჯარო ხელოვნების ხელშეწყობა“ ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საჯარო ხელოვნების ფონდის“ მიერ კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების პროექტს. პროექტი საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორმა ელენე ჭკუასელმა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა სოფიო უგრეხელიძემ წარადგინეს.
როგორც კომისიის სხდომაზე განმარტეს, „საჯარო ხელოვნების ფონდი“ ხელს შეუწყობს გამოფენებისა და სხვადასხვა პროექტის განხორციელების მეშვეობით ქართველ ხელოვანთა მხარდაჭერას და მათი შემოქმედებითი ზრდის წახალისებას. მათ შორის ახალგაზრდა ხელოვანების ექსპერიმენტული, ინოვაციური, კრეატიული პროექტების განხორციელებას, ასევე სხვადასხვა სახის შეხვედრების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, ლექციებისა და ტურის ჩატარებას. აღნიშნული ფონდის საქმიანობის მიზანი საზოგადოების ყველა წარმომადგენლისთვის თანამედროვე ხელოვნების და არტისტების პოპულარიზაცია, ეროვნული და მსოფლიო ხელოვნების ხელმისაწვდომობაა.
კომისიების წევრებმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.