თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანას ეხებოდა.
როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით განათლებისა და კულტურის მიმართულებით არ ხდება საბიუჯეტო პროგრამებისა და ქვეპროგრამების შემცირება. აღნიშნული სფეროების ხელშემწყობი პროგრამებისა და ქვეპროგრამების დასაფინანსებლად ასიგნებები მნიშვნელოვნად გაიზარდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების, საკონცერტო ორკესტრის „ბიგ-ბენდის“, ხელოვნების ძეგლებისა და პანთეონების მოვლა-პატრონობის ნაწილში. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის ცვლილება ასევე ითვალისწინებს კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას.
სხდომას ესწრებოდა მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან მიქავა, რომელმაც დეტალურად წარმოადგინა საბიუჯეტო ცვლილებები, რომლებიც შეეხებოდა განათლებისა და კულტურის მიმართულებას. მისი ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტი 86 მილიონ 660 ათასი ლარით იზრდება, საიდანაც გარდამავალი ნაშთი 74 მილიონ 779 ათას ლარს შეადგენს.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდა ა(ა)იპ თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თინათინ რუხაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ეროვნულ სასახლეში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის ფარგლებშიც, ინფრასტრუქტურულ-სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, მოწესრიგდა პედაგოგთა დასაქმების საკითხიც, რაც გულისხმობს ერთიანი სტანდარტის შექმნას, როგორც სამართლებრივი, ისე ორგანიზაციული თვალსაზრისით.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც, კომისიების წევრებმა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომას ასევე ესწრებოდნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები გოგი ჩიქოვანი და ცირა შალოშვილი.