თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ 2021 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში მოისმინეს და 2022 წელს დაგეგმილი პროგრამები და პროექტები განიხილეს.
სხდომას თავმჯდომარეობდა განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, კახა ლაბუჩიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ დედაქალაქში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტები, პანდემიური ვითარების მიუხედავად, შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ 2021 წელს განხორციელდა 200-მდე თემატიკისა და მასშტაბურობის პროექტი და ეს პროცესი განგრძობადია.
ანგარიში პრეზენტაციის ფორმატით წარმოადგინა მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, მაკა ნასრაშვილმა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ქალაქში განათლებისა და კულტურის მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე და 2022 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე. მისი განცხადებით, 2021 წელს განხორციელდა კულტურის ობიექტების ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 ბიბლიოთეკას, ვაკის მედიათეკას და დაიწყო სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის რეაბილიტაცია. ამასთან, პანტომიმის თეატრს გადაეცა მიწის ნაკვეთი ლისის ტბის მიმდებარედ, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტია დიდი ისტორიის მქონე თეატრისთვის. უპირველესად, პანტომიმას ექნება ის სივრცე, სადაც განთავსდება სასწავლო ცენტრი, რომელიც თავის მხრივ თეატრის საქმიანობის მომავალ პოპულარიზაციას უზრუნველყოფს. ამასთან, დასრულდა ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღჭურვის პროცესი.
2022 წლის განათლებისა და კულტურის სამომავლო პოლიტიკასთან მიმართებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლის, გოგი ჩიქოვანის მიერ აღინიშნა, რომ გაგრძელდება ახალგაზრდული ორკესტრების, ფესტივალების და ღონისძიებების დაფინანსება, რომელშიც ჩართული იქნება 20,000-მდე ახალგაზრდა. კვლავ პრიორიტეტულია სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც, 2021 წელს 3000-მდე თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტს მიეცა სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა. ამ მხრივ, 2021 წელს ბიუჯეტი გაორმაგდა, ხოლო მომდევნო წლიდან დაგეგმილია აღნიშნულ პროგრამას დაემატოს ახალი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული შშმ სტატუსის მქონე სტუდენტების და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსებას.
ამ მხრივ, 2022 წლიდან დაგეგმილია სახლების მოდერნიზება, სასწავლო და სამუშაო გარემოს გაუმჯობესება. თბილისის ახალგაზრდული სახლები თბილისის 9 რაიონში ფუნქციონირებს, რომელიც 4000-მდე ახალგაზრდას ემსახურება არაფორმალური განათლების, სახელოვნებო და სპორტული სერვისების ფარგლებში, მათ შორის 1800-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლე-ახალგაზრდას.
კომისიის წევრების გარდა, სხდომას ესწრებოდა კულტურის საკითხებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი მარიკა დარჩია და საკრებულოს წევრი ვახტანგ სურგულაძე, რომელთა შეკითხვები შეეხებოდა სამუზეუმო რეფორმებს, სტუდენთა დაფინანსების წესს და სამუზეუმო საქმის პიარ-სტრატეგიას. აღნიშნული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც საკრებულოს დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა, ცირა შალოშვილმა და მერიის კულტურის, პროექტებისა და პროგრამების განყოფილების უფროსმა, ნინო სულაძემ.