თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. კომისიის სხდომაზე თბილისის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში ჩასატარებელი კონკურსის და შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელეს.
განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა „ქალაქ თბილისში სკოლებს შორის კონკურსის „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ ჩატარებისთვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი წარადგინა და აღნიშნა, რომ კონკურსის ინიციატორია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, კონკურსის მიზანია თბილისის სკოლის მოსწავლეებმა ვიდეორგოლების მეშვეობით ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მოსაზრებები, გააანალიზონ კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური რისკი, საკუთარი და საზოგადოების როლი პანდემიის მართვასა და მის პრევენციაში.
კონკურსის თემატიკად განსაზღვრულია „პანდემია და მოქალაქის როლი“; წარმოდგენილი ვიდეორგოლის შინაარსი კი ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მოსწავლეების თვალით დანახულ შემდეგ საკითხებზე: ა) საქართველო - გლობალური სამყაროს ნაწილი; ბ) პასუხისმგებლიანი მოქალაქე, სოლიდარობა და სოციალური კამპანიები; გ) დროის ეფექტური მართვა პანდემიის პირობებში; დ) თანამედროვე ხელოვნების განსაკუთრებული როლი; ე) პანდემიასთან ბრძოლის გზა და მეთოდოლოგია; ვ) ტექნოლოგია, როგორც პანდემიური პროცესის დაძლევის შესაძლებლობა.
დღის წესრიგით გათალისწინებული მეორე საკითხი - შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ წარუდგინა.
როგორც მან განაცხადა, ასეთი გეგმა პირველია თბილისის ისტორიაში და მისი მიზანია თბილისის ინკლუზიური განვითარება და მის ყოველდღიურ ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბრად მონაწილეობის უზრუნველყოფა. ამასთან, სამოქმედო გეგმაში, რომელიც 74 აქტივობას მოიცავს, განსაზღვრულია კონცეპტუალური ხედვა, პრიორიტეტული სტრატეგიული მიმართულებები და დასახულია კონკრეტული, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში გასატარებელი ღონისძიებები. თემის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს შშმ პირთა კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობაზე.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და თბილისის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად გატანას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.