თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განათლების და კულტურის კომისიაში წარმოდგენილი წერილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მიხეილ ქორიძის და მომღერალ ლევან კბილაშვილის საცხოვრებელ სახლებზე მემორიალური დაფის განთავსების შესახებ იმსჯელეს.
როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, მიხეილ ქორიძე აფხაზეთის ომში, მოხალისედ სპეცდანიშნულების რაზმში იბრძოდა. ბზიფის ხეობაში, კოლხიდის შეტევის დროს სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. მიხეილ ქორიძე დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.
ქართული ხალხური ფოლკლორისა და საესტრადო მუსიკის შემსრულებელმა, ლევან კბილაშვილმა, საესტრადო კარიერა 6 წლიდან, რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში დაიწყო.მომღერალი მუშაობდა მსოფლიოში კომპოზიტორთან, გორან ბრეგოვიჩთან, რომელთან ერთადაც არაერთი კონცერტი აქვს ჩატარებული.2021 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა მუსიკალური ჯგუფი „PanGeo – ლ.კბილაშვილი“, რომელიც დაეფუძნა ქართულ ეთნომუსიკას.
კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, განათლების და კულტურის კომისია აქტიურად არის ჩართული დედაქალაქში მემორიალური დაფების განთავსების საკითხის განხილვაში.
„დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულოს კოორდინირებული თანამშრომლობით, უმოკლეს პერიოდში არაერთი დამსახურებული პიროვნების პატივსადებად მემორიალური დაფა განთავსდა. აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 აგვისტოს №426 განკარგულებით, ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილის მონაკვეთს მომღერლის, ლევან კბილაშვილის სახელი მიენიჭა. დღევანდელ კომისიის სხდომაზე კი, მომღერლის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის განთავსების საკითხსაც განვიხილავთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძე.
კომისიის წევრებმა მიხეილ ქორიძის და ლევან კბილაშვილის მემორიალური დაფების განთავსების საკითხი მოიწონეს და საკითხი განსახილველად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ სპეციალურ კომისიას გადაეგზავნება.
დღესვე, განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს.
სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იყო „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების და სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე” დადგენილებების ცვლილება.
კომისიის წევრებს საკითხები თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარუდგინა. მისი თქმით, სტუდენტთა დაფინანსების წესში ცვლილებას, დაფინანსების ნაწილში დაემატება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის“ კატეგორია, რაც შესაძლებელს გახდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე სტუდენტების დაფინანსებას.
სხდომას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი, გენერალი კობა კობალაძე, მიხეილ ქორიძის და ლევან კბილაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.