თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, „თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტზე იმსჯელეს, რომელიც კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ გააცნეს. მათი განცხადებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა განისაზღვრა 1 438 775,2 ათას ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 305 418,2 ათასი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 133 357,0 ათასი ლარით.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე წარადგინა რეკომენდაციები, რომელიც შეეხებოდა: მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელშეწყობას, ასევე სახელოვნებო სკოლების და მედიათეკების თანამედროვე სტანდარტით ინვენტარიზაციას, მათი წიგნადი ფონდით შევსებას. ასევე, ხელოვნების სკოლების მხარდაჭერის პოლიტიკის შენარჩუნება და ამ მიზნით, რევაზ ლაღიძის სახელობის მე-4 ხელოვნების სკოლის და ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 ხელოვნების სკოლის რემონსტისთვის საჭირო თანხების ასახვა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, თბილისის მერიის და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი საკრებულოს ისტორიულ შენობაში განთავსდება. ამ მიზნით, სწორედ მომავალი წლის ბიუჯეტით გამოიყოფა ასიგნები, რათა მოხდეს თოჯინების მუზეუმისთვის გამოყოფილი ფართობის სამუზეუმო სივრცედ მოწყობა.
კომისიის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ შეუფერხებლად გაგრძელდება დედაქალაქში შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობა, საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივალების განხორციელება, თბილისის დამეგობრებულ ქალაქებთან და დედაქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქებთან კულტურის სხვადასხვა სფეროს ღონისძიებების ორგანიზება, თეატრალური და სახელოვნებო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტების ხელშეწყობა, თბილისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების, რელიგიური ღონისძიებების და კულტურის სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერა.
დღესვე კომისიის სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ლიკვიდაციის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი განხილეს. ლიკვიდაცია განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ამ დროისთვის პროექტი დასრულებულია და შესრულებულია ნაკისრი ვალდებულებები.
სხდომის დასასრულს, კომისიის წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.