თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში შესატანი ცვლილებების პროექტზე იმსჯელეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სს(ი)პ არქიტექტურის სამსახურის უფროსმა წარმოადგინა.
დიმიტრი მოსულიშვილმა წესში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტის თანახმად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გადამეტებასთან დაკავშირებით დროებითი შეზღუდვა დაწესდება.
წარმოდგენილი ცვლილებებით, თბილისის ცენტრალურ ნაწილში საჯარო სივრცეების შენარჩუნების მიზნით, საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გადამეტება აღარ მოხდება, ასევე გამწვანებულ ტერიტორიებზე შეიზღუდება განაშენიანების პროცესი.
წესში შესატანი ცვლილებები გარდამავალი პერიოდის ღონისძიებაა და საბოლოო პოლიტიკის შემუშავებამდე მას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე გუნდი შეასრულებს.
რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნულ პროექტში საკრებულოს შესაბამისი კომისიების მიერ შეტანილი დამატებითი ცვლილებები დეტალურად წარმოადგინა, რის შემდეგაც საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს.
დღესვე დეპუტატებმა სამგორის რაიონის გამგებლად გიორგი ბაგრატიონის დანიშვნის საკითხს მისცეს თანხმობა.
გამგებლის კანდიდატი საკრებულოს წევრებს მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა წარუდგინა.
საკრებულოს წევრებს საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გიორგი ბაგრატიონმა თავად გააცნო და რაიონში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამებსა და ასევე ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტები განიხილეს.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირსა და აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული უსახელო სკვერისთვის სლოვაკეთის დედაქალაქის ბრატისლავას სახელის მინიჭებას დაუჭირეს მხარი.
სხდომას დედქალაქის მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და სს(ი)პ-ების წარმომადგენლები, ასევე არქიტექტორები ესწრებოდნენ.