თბილისის საკრებულოში ორი კომისიის - განათლების და კულტურის, ასევე სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიების თავმჯდომარეები თამარ ტალიაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდნენ.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე ანდრია ბასილაიას კანდიდატურა განიხილეს, რომელიც მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ წარადგინა. მერის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენამდე ანდრია ბასილაია დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს, შემდეგ კი ურბანული განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობდა. საკრებულოს დეპუტატებმა ანდრია ბასილაიას, როგორც კურატორი სფეროების - კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - თბილისის მერის მოადგილის კანდიდატს დეტალური კითხვები დაუსვეს მიმდინარე, დაგეგმილი და სამომავლო პროექტების შესახებ.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტის ცვლილების თაობაზე იმსჯელეს, რომელიც ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა წარადგინა. ცვლილების მიხედვით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლები, თბილისის ხელოვნების სკოლები, სპორტული სკოლები და საცურაო აუზები ავანსის სახით მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების უფასო სწავლებისთვის განკუთვნილ ანაზღაურებას დასაქმებული თანამშრომლებისთვის ხელფასების შეუფერხებლად გაცემისთვის, რაც გამოწვეულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიად აღიარებული კორონა ვირუსის გამო სწავლის შეწყვეტით. გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, აღნიშნული დაწესებულებები ვალდებულნი არიან, მიღებული ავანსის მოცულობის შესაბამისად, გასწიონ ქვეპროგრამებით გათვალისწინებული მომსახურება.
ორივე საკითხს კომისიების წევრებმა მხარი დაუჭირეს.
ამავე სხდომაზე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა მადლობა გადაუხადა კომისიის პროექტის #დარჩიკრეატიული თითოეულ მონაწილეს.
პროექტი განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით 27 მარტს დაიწყო და ყოველდღიურად, კომისიის გვერდზე, იტვირთებოდა ქართველ შემოქმედთა სახვითი ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის ნამუშევრები, რომლებიც ახალი CoVid-19-ს გავრცელების პერიოდში შეიქმნა.
სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ მიმდინარე და სამომავლო გეგმები განიხილა. როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გაგრძელდეს, რაც თბილისს კიდევ უფრო განავითარებს და მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.