თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრის ლევან არველაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. საკრებულოს წევრებმა ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ავთანდილ ცინცაძე დაამტკიცეს.
აღნიშნულის საკითხების შემდეგ, თბილისის საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს სერგო ბირკაძეს მოუსმინეს, რომელმაც უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
საკრებულოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისთვის რამდენიმე კომპანიის მიმართ დამატებითი/დაზუსტებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების და დაზარალებული პირების მიმართ თანხის და ფართის სახით გასაცემი ვალდებულებების შესრულების საკითხი წარადგინა.
სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსმა ნინო ბაგაშვილმა „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების პროექტი გააცნო საკრებულოს წევრებს. მან ასევე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილები წარადგინა.
საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებები შევიდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების”; „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების“; „თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და თბილისის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის“, ასევე, „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში.
საკრებულოს წევრებმა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს ლევან აბაშიძეს მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის რამდენიმე ქუჩის სახელდების საკითხები წარადგინა.