თბილისის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს.
თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო.
გაიოზ თალაკვაძის ინფორმაციით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 983 178,0 ათასი ლარით განისაზღვრა.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტით, სპორტის განვითარების ხელშეწყობის ბიუჯეტი 18 332,6 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის ბიუჯეტთან შედარებით 3 382,6 ათასი ლარით მეტია. ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამა დაფინანსდება 4 515,8 ათასი ლარით, რაც 2024 წელთან შედარებით გაზრდილია 2 549,1 ათასი ლარით.
2025 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტით, ჯამში, სპორტის განვითარების და ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამების განსახორციელებლად 22 848,4 ათასი ლარია გათვალისწინებული.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ სხდომაზე დეტალურად განიხილა და მიიჩნია, რომ მთლიანობაში, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები კვლავ რჩება ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად.
პრიორიტეტის ფარგლებში 2025 წელს გაგრძელდება წარმატებული სპორტსმენი ბავშვების და მწვრთნელთა მხარდაჭერა, პარასპორტის განვითარების ხელშეწყობა, სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, დასრულდება ისანში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე 2024 წელს დაწყებული სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ღონისძიებები. გაგრძელდება 18 წლამდე ასაკის ბენეფიციართა ფიზიკური დატვირთვის სკრინინგი და სპორტი უფროსი თაობისთვის 60 წლის და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის უსასყიდლოდ სპორტული სერვისებით სარგებლობა. ასევე გათვალისწინებულია სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა.
კომისიამ დადებითად შეაფასა დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის, სტრუქტურული ერთეულის ,,ვერის კორტების“ და ვარკეთილში მდებარე „ედელვაისის“ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, რაც ხელს შეუწყობს, თანამედროვე სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას და მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.