თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს და თბილისის მერის კახა კალაძის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. სხდომას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. გიორგი ტყემალაძემ კოლეგებს სთხოვა პატივი მიეგოთ რამდენიმე დღის წინ ჭავჭავაძის გამზირზე ხანძრის ჩაქრობის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის ხსოვნისთვის.
გიორგი ტყემალაძემ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და მომავალი წლის ბიუჯეტზე გააკეთა განცხადება. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, განვლილი წელი არა მხოლოდ ქალაქის განვითარების მიმართულებით, არამედ პოლიტიკური დღის წესრიგითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„ჩვენი ქვეყანა მშვიდობით და ღირსებით აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ხოლო ჩვენი ქალაქი კი წლების წინ დაწყებულ წარმატებულ და სწორ განვითარებას კვლავაც გააგრძელებს", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
დედაქალაქის მერმა ანგარიშის წარდგენისას იმ ძირითად რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც დედაქალაქში განხორციელდა. ანგარიშის მოსმენის შემდეგ, საკრებულოს სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კახა კალაძემ საკრებულოს წევრების კითხვებს უპასუხა.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი 1 983 178,0 ათასი ლარით განისაზღვრა. 2025 წლის განმავლობაში თბილისის ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონ ლარამდე გაიზრდება. აქედან, თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს.
2025 წლის ბიუჯეტში თანხები შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდა:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა - - 685 915,7 ათასი ლარი; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 246 495,3 ათასი ლარი; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 263 120,9 ათასი ლარი; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა -3 079,5 ათასი ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 47 491,3 ათასი ლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა -165 575,2 ათასი ლარი; განათლება - 261 539,9 ათასი ლარი; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 39 294,0 ათასი ლარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 15 779,2 ათასი ლარი; თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება -254 887,0 ათასი ლარი.
მომავალ წელს განხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები როგორებიცაა: რუსთაველის გამზირისა და ჭავჭავაძე - ბაგების გზის სრული რეაბილიტაცია; ქალაქის მასშტაბით მოეწყობა სკვერები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მათ შორის, გამწვანდება რუსთაველის გამზირი. 2025 წელს კვლავ დაგეგმილია თბილისის მეტროს სადგურების მოდერნიზაცია და გაგრძელდება თბილისის ავტობუსების პროექტი. მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე საავტომობილო გზის გასწვრივ ფერდის გამაგრების სამუშაოები და გარე განათების ქსელის მოწყობა- ექსპლუატაცია. 2025 წელს იზრდება დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაცია. დაგეგმილია ჭადრაკის სასახლის ფასადის, ასევე ვერის კორტებისა და ვარკეთილში მდებარე „ედელვაისის" მოედნის რეაბილიტაცია. გამოყოფილია თანხები ნაგავშემკვრელი კონტეინერებისა და მიწისქვეშა ურნების შესაძენადაც.